ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ირაკლი ნადარეიშვილმა მესტიაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მშენებარე რაიონული განყოფილების ოფისი მოინახულა

თარიღი: 2011-09-26

2011 წლის 26 სექტემბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ მესტიას ეწვია და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების მშენებარე ოფისი მოინახულა. მესტიის ახალი რაიონული განყოფილების გახსნა დეკემბრის დასაწყისისათვის იგეგმება. ორსართულიანი შენობა ქალაქის შუაგულში იქნება განთავსებული. არქიტექტორებმა, რომლებმაც დააპროექტეს ნაგებობა, გაითვალისწინეს მესტიის, როგორც ახალი ტურისტური ქალაქის ინფრასტრუქტურის არქიტექტურა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილების ექსტერიერი შერწყმული იქნება ქალაქის ახალ იერსახესთან.

 

ახალი განყოფილება 130 კვ./მ. ფართობზე განთავსდება. აქ პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ სერვისის მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. ოფისი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით და ავეჯით. ცენტრი ისეა დაგეგმილი, რომ ხანდაზმულებმა და უნარშეზღუდულმა მოქალაქეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთიანი სამთავრობო ქსელი და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო გასაცემლებზე ინფორმაციის ,,ერთი ფანჯრის"  პრინციპით მიწოდებას.

 

2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, მესტიაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 839 ოჯახია (6 352 ადამიანი) რეგისტრირებული. ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს 700 ოჯახი (2 736 ადამიანი). აღნიშნულ კონტინგენტზე გასულ თვეში ფულადი სოციალური დახმარების სახით 72 019 ლარი გაიცა. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 1 141 ოჯახი (2 736 ადამიანი) სარგებლობს. გარდა ამის, მესტიაში 2 671 პენსიონერია რეგისტრირებული, მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის ივლისის თვეში 248 874 ლარია გაცემული.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილების ახალი ოფისი განთავსებულია შემდეგ მისამართზე:  ქ. მესტია, თამარ მეფის №11.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ