ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტო ოთხი წლისაა

თარიღი: 2011-07-01

2011 წლის 1 ივლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოთხი წელი შეუსრულდა. იგი 2007 წლის 1 ივლისს შეიქმნა, სოციალური დახმარების და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გაერთიანების საფუძველზე. სააგენტო დღეისათვის ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს  მსახურება.

 

ამ ეტაპზე, სააგენტო 9 სხვადასხვა სახის სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებას ახორციელებს, მათ შორისაა: სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების" ასანაზღაურებელი გასაცემელი და სხვა. საერთო ჯამში, სააგენტოსგან სახელმწიფო გასაცემელს ყოველთვიურად დაახლოებით 900 000 საქართველოს მოქალაქე იღებს. გარდა ამისა, სოციალური მოსახურების სააგენტო ყოველთვიურად 140 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს (415 365 მოქალაქე) უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარებით და 900 000-ზე მეტ მოქალაქეს  - უფასო სახელმწიფო დაზღვევით.

 

2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტო ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ადმინისტრირებას, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შშმპ და მიუსაფარი ბავშვების სულყოფილი განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დაცვა. აღნიშნულ სფეროში სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვის ძველი ფორმების ალტერნატიული ზრუნვის ფორმებით ჩანაცვლება, რომელიც საშუალებას იძლევა მშობლის მზრუნველობამოკლებული ყველა ბავშვი ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში აღიზარდოს. ამ მიმართულებით სააგენტოს უკვე სოლიდური სამუშაო აქვს შესრულებული. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, ხოლო 2011 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია კიდევ 35 მსგავსი სახლის გახსნა. საბოლოოდ, უახლოეს მომავალში,  ბავშვთა სახლებიდან ბავშვები მთლიანად გადანაწილდებიან ალტერნატიული ტიპის სამზრუნველო დაწესებულებებში, რომლებიც მათ უკეთეს საცხოვრებელ პირობებით და რაც მთავარია, ოჯახური ატმოსფეროთი უზრუნველყოფს.

 

2011 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ადმინისტრირება დაეკისრა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სააგენტო წელს 24 სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სავარაუდოდ, 170 მილიონ ლარს დახარჯავს. რაც შეეხება სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაახლოებით 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს 82 ტერიტორიულ სტრუქტურული ერთეული 68 ოფისშია განთავსებული. სააგენტოს სისტემაში 2 070 თანამშრომელია დასაქმებული.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ