ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

გლდანში სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისათვის დღის ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 2011-05-25

მიმდინარე წლის 25 მაისს, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, 107-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 3 წლამდე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება ამოქმედდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ორგანიზაცია World Vision-ის ერთობლივი ძალისხმევით. საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი.

ახალი დღის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და  საქართველოს რეალობაში სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას გაუწევს ბენეფიციარებს. სპეციალურად მომზადებული პერსონალი ჩვილების სწორ აღზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს. დღის ცენტრი საშუალოდ 22-25 სოციალურად დაუცველ ბავშვს მოემსახურება, იგი მოქნილი გრაფიკით იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დედების დასაქმებას და ამავდროულად დედა-შვილის კონტაქტის შენარჩუნებას.

გამოცდილება ცხადყოფს, რომ 2 წლამდე ბავშვთა დღის ცენტრების არარსებობა არის ჩვილების ინსტიტუციებში მოთავსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ამასთანავე, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დღის ცენტრების დაარსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტულია სხვა ალტერნატიულ მომსახურებებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ