ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

თარიღი: 2011-05-06

2011 წლის 3 მაისს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის განახლებული ოფისი გაიხსნა.  ოფისის საზეიმო გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ სტუმრებთან ერთად, დაესწრნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ღვინიაშვილი.

 

განახლებულ ცენტრში პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ სერვისის მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ავეჯით. ცენტრი ისეა დაგეგმილი, რომ ხანდაზმულებმა და უნარშეზღუდულმა მოქალაქეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთიანი სამთავრობო ქსელი და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო გასაცემლებზე ინფორმაციის ,,ერთი ფანჯრის"  პრინციპით მიწოდებას.

 

2010 წლის აპრილში, კახეთის რეგიონში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 60 513 ოჯახია (180 748 ადამიანი) რეგისტრირებული. ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს 19 885 ოჯახი (53 768 ადამიანი). აღნიშნულ კონტინგენტზე გასულ თვეში 1 453 534 ლარი გაიცა. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 34 064 ოჯახი (102 217 ადამიანი) სარგებლობს. ამის გარდა, კახეთში 79 550 პენსიონერია რეგისტრირებული, მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის აპრილის თვეში 6 210 675 ლარია გაცემული.

 

ახლაგარემონტებული რეგიონული საკოორდინაციო ცენტრი თელავში განთავსებულია შემდეგ მისამართზე: დ. აღმაშენებლის 41.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ