ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება

თარიღი: 2022-01-16

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება.

განვმარტავთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.

ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ