ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

პროგრამის „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პირველი ფაზის შეჯამება

თარიღი: 2018-11-15

ევროკავშირმა პროგრამა: „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის" პირველი ფაზა შეაჯამა. პროგრამის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო. ღონისძიება ქ. თბილისში, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ, დამსწრე საზოგადოებას უამბო დასაქმების ხელშეწყობის სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეფორმების და მიღებულ შედეგების თაობაზე. მან, ასევე, ისაუბრა სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარების სამომავლო გეგმებზე და იმედი გამოხატა, რომ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალ წლებშიც აქტიურად წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის, TWINNING-ის, ფარგლებში განხორციელდა დასაქმების ხელშეწყობის სერვისის ახალი მოდელის შემუშავება და პილოტირება, რომელიც თბილისში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პილოტირების შემდეგ, მომსახურების ახალი მოდელი წარმატებით დაინერგა დედაქალაქსა და სააგენტოს სამხარეო ცენტრში: იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში. მომავალ წელს სერვისის ახალი მოდელის დანერგვა და განვითარება სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ