ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა

თარიღი: 2018-09-28

28 სექტემბერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების რეგიონალური ფორუმი ჩაატარა. შეხვედრა კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში გაიმართა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მასში, ქვემო ქართლის 17-მა მსხვილმა დამსაქმებელმა 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. ფორუმში თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა სამუშაოს მაძიებლებმა და ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილმა დამსაქმებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

დასაქმების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნელი რევაზიშვილი, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველი ლელა მაისურაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. გამომსვლელებმა ყურადღება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს ყველა იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცილებს. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ფორუმი დადებითად აისახება თეთრიწყაროს მოსახლეობაზე, მათ მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ, გაცნობოდნენ დამსაქმებლის შეთავაზებებს და პირობებს, რომ შემდგომში დასაქმდნენ და გაიუმჯობესონ სოციალური პირობები. სააგენტო მუდმივად ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე ამ კუთხით და ზრუნავს სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებზე" - განცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

„უმუშევრობის პრობლემა უდიდეს გამოწვევად რჩება თანამედროვე საზოგადოებისათვის. იგი აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვისაც, განსაკუთრებით რეგიონებში მაცხოვრებელთათვის.  ჩვენი ორგანიზაცია მას კომპლექსურად განიხილავს და ერთი მხრივ, ეხმარება საზოგადოების მოწყვლად ფენებს, რომ გახდნენ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანნი, მეორე მხრივ კი მუშაობს დამსაქმებლებთან. აღნიშნული ფორუმიც ერთ-ერთი ინტერვენცია ამ მიმართულებით,"- აღნიშნა ლელა მაისურაძემ.

ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა რეგიონში მოქმედ კომპანიებს და  აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღო ინფორმაცია. მოცემული ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ