ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ეტაპი დაიწყო

თარიღი: 2018-04-30

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

რეგისტრაციისათვის სამუშაოს მაძიებელი 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირადად უნდა ესტუმროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაონულ განყოფილებებს (მისამართები იხილეთ ბმულში: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18) და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამუშაოს მაძიებელი თავისუფლდება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, ან არის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული და ჩართულია სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ან არის ქალი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევა ვერ შეძლო ადრეული ქორწინების გამო.

პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე, რომელმაც 51 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. პროფესიების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენდი, შემდუღებელი, ბუღალტერი.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე, პროფესიის მოდულის შესაბამისად (სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500-ს, ხოლო ნებისმიერ სხვა პირზე - 1000 ლარს.

პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 (27 კერძო და 17 სახელმწიფო) აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმში.

გარდა მოკლევადიანი კურსების, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით - 200 ლარს გადაუხდის, ამასთან სტიპენდია არ დაიბეგრება.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის შესახებ, ასევე პროგრამებისა და მათი განმახორციელებელი პროფესიული სასწავლებლების შესახებ დისტანციურად უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 1505.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ