ხანდაზმულებისათვის

სათემო ორგანიზაციები

თარიღი: 2019-02-05

რა არის სათემო ორგანიზაცია?

სათემო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური განვითარების ოპტიმალური გარემოა, რომელიც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სათემო ორგანიზაცია ასევე წარმოადგენს ხანდაზმულ მოხუცებულთა თავშესაფარს, სადაც ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია.

ვის შეუძლია ისარგებლოს სათემო ორგანიზაციების მომსახურებით?

  • 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირს, ასევე მის 18 წლამდე ასაკის შვილებს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;
  • ხანდაზმულებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან).

რა მომსახურებას უწევს სათემო ორგანიზაცია ბენეფიციარს?

  • საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
  • საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება;
  • დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შედგენა და განხორციელება;
  • პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით - ხელობის შერჩევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
  • ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფა

შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სამიზნე ჯგუფია 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები.

 მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, უკანასკნელი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შემდეგი დიაგნოზების მქონე პირები: ორგანული ჰალუცინოზი F06.0, ორგანული ბოდვითი აშლილობა F06.2, ორგანული ბუნების (აფექტური) აშლილობა F06.3, შიზოფრენია F20, შიზოტოპური აშლილობა F21, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა F22, შიზოაფექტური აშლილობა F25, ბიპოლარული აფექტური აშლილობა F31, რეკურენტული დეპრესიული აშლილობა F33, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F70, საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა F71, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72.0, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

რას მოიცავს შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მომსახურებები?

  • არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • პიროვნებაზე ორიენტირებული მომსახურების გეგმის შედგენას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას;
  • ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;
  • საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;
  • საყოფაცხოვრებო, მათ შორის თვითმოვლის, უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლებას და მხარდაჭერა;
  • წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით ხელობის შერჩევა, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
  • ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
  • ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
  • საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას.

რა საბუთებია საჭირო სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვისთვის?

  • მაძიებლის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
  • მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია,
  • მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

რა ეტაპებს გადის მაძიებელი სათემო ორგანიზაციაში ჩასარიცხად ?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან, არა უმეტეს 1 თვის ვადაში, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო.  

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ