მომავალი დედებისათვის

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

თარიღი: 2018-07-03

რა განსხვავებაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას შორის?

დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაიცემა დასაქმებულისათვის, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის გარკვეულ სამუშაოს ასრულებს.

შვებულების ანაზღაურება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე.

რა პერიოდით შეიძლება ისარგებლოს დასაქმებულმა მოქალაქემ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით და მათ შორის რამდენია ანაზღაურებადი?

თუ ხართ ორსულად, შეგეძინათ ბავშვი, ან გსურთ ახალშობილის შვილად აყვანა, თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით  - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, თქვენი შეხედულებისამებრ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

აქვს თუ  არა ბავშვის მამას უფლება აიღოს დახმარება/შვებულების ანაზღაურება ბავშვის მოვლის გამო?

თუ ბავშვის მამა არის საჯარო მოსამსახურე, მას აქვს უფლება აიღოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღით, აქედან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამ შემთხვევაში ბავშვის დედას (საჯარო მოსამსახურე) არ უნდა ჰქონდეს ნასარგებლები ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებით ან მისი ნაწილით.

იმ შემთხვევაში თუ დედა (საჯარო მოსამსახურე) არ იღებს შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, მამა (საჯარო მოსამსახურე) წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობას და შესაბამისი დაწესებულების (სადაც დასაქმებულია დედა) მიერ გაცემული ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით.

შენიშვნა: თუ ბავშვის მამა არ არის საჯარო მოსამსახურე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარება მასზე არ გაიცემა.

რა არის საჭირო  ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ან შვებულების ანაზღაურების თანხის მისაღებად?

დახმარების თანხის მისაღებად დამსაქმებელმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს.

შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო მოსამსახურემ უნდა მიმართოს იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც მუშაობს.

რა საბუთებს წარადგენს დამსაქმებელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების თანხის მოსაპოვებლად დასაქმებულისათვის?

  • წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე დახმარების თანხის მოთხოვნით,
  • საავადმყოფო ფურცელი, შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი),
  • პირადობის მოწმობის ასლი,
  • დაფინანსების განაცხადი (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით,
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

რა ოდენობისაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის დახმარება/შვებულების ანაზღაურების თანხა?

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების  თანხა არ აღემატება 1000 ლარს.

საჯარო მოსამსახურეზე ანაზღაურებადი შვებულება გაიცემა იმ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, სადაც პირი საჯარო სამსახურს ახორციელებს. შვებულების ანაზღაურება ხდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.

შენიშვნა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ