შშმ პირებისათვის

მეურვეობა მზრუნველობის დაწესება

თარიღი: 2019-02-06

რა შემთხვევაში უწესდება ბავშვს მეურვეობა/მზრუნველობა ?

ბავშვებს მეურვეობა ან მზრუნველობა უწესდებათ მათი აღზრდის მიზნით, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია შვიდი წლის ასაკისთვის. მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე.

 ბავშვ მეურვეობ ან  მზრუნველობ წესდება იმ შემთხვევაში, როდესაც:

  • სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
  • შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
  • გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
  • ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას ფუნქციები ჩამოერთვა;
  • სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
  • მშობელი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.

რა შემთხვევაში უწესდება სრულწლოვან პირს მზრუნველობა/მხარდაჭერა?

  • მხარდაჭერა უწესდება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას თანაბარ პირობებში. ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.
  • მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი;
  • მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვანი პირის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი;
  • მზრუნველობა უწესდება ასევე, პირს, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლზე ან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, რის გამოც ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს და სასამართლომ აღიარა შეზღუდულქმედუნარიანად;

განცხადება მოქალაქის შუზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში  მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში,  თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში  - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ვინ არ შეიძლება დაინიშნო მეურვედ ან მზრუნველ პირად ?

  მეურვედ ან მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი:

  • რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;
  • რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;
  • რომელსაც ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლება, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;
  • რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 რა არის მეურვის, მზრუნველის და მხარდამჭერის მოვალეობანი ?

- მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.

- მეურვე და მზრუნველი მოვალე არიან, იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

- მეურვე და მზრუნველი მოვალე არიან, იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო) პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყონ მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები.

- მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.

- მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

- მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.

- მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

რა არის მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები ?

  მეურვეობა შეწყდება:

  • თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი;
  • თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს;
  • თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები.

რა არის მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები ?

 მზრუნველობა შეწყდება:

  • თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;
  • თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას.
  • სხვა სამზრუნველო პირების მიმართ - თუ მოისპო მიზეზი,რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

რა არის მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები ?

მხარდაჭერა შეწყდება, თუ:

  • მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა;
  • მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს.

მეურვეობა/მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო მხარდაჭერა - გარდა მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევისა - სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ვის უნდა მიმართოთ მეურვეობის/მზრუნველობის დასანიშნად ?

მეურვეობის/მზრუნველობის დასანიშნად უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, რეგისტრირებული ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ვის უნდა მიმართოთ მხარდაჭერის დაწესების მოთხოვნით?

მხარდაჭერის დაწესების მოთხოვნით უნდა მიმართოთ სასამართლოს.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ