შშმ პირებისათვის

დღის ცენტრი

თარიღი: 2018-06-13

რას მოიცავს დღის ცენტრით მომსახურება?

დღის ცენტრის მომსახურების ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია.

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

  • ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
  • ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
  • ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
  • ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;
  • საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  • ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას, რომელიც დადასტურებული იქნება ბენეფიციარის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ან მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით);
  • წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელებასა და განახლებას;
  • შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის.

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  • ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;
  • ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;
  • ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;
  • ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
  • ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
  • ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);
  • ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

ვის შეუძლია დღის ცენტრით სარგებლობა?

  •  6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში". ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა, დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას.
  • 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის" ან ,,მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის" ბენეფიციარები ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
  • 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში).

გსურთ დღის ცენტრით სარგებლობა?

მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;
  • მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2.

შენიშვნა

დღის ცენტრიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

  • საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
  • შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
  • სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);
  • ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღის ცენტრის მომსახურების მიღებისა და მიწოდების წესებისა და პირობების უფრო დეტალურად გაცნობისათვის გთხოვთ იხილეთ ქვემოთ მიმაგრებული ფაილები.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილება

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილება

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ