ოჯახისათვის

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის

თარიღი: 2021-08-04

რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო 

პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისათვის?

პროგრამის მიზანია, საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.

ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი 

სახელმწიფო პროგრამით?

პროგრამის ბენეფიციარია 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი (საქართველოს მოქალაქე), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი (მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი).

ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?

ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე) ერთ - ერთ მშობელს. 

რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?

ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში - საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
  • მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
  • მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.

რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?

ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის შესაბამისი ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და განისაზღვრება:

ა) 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის პირველი ან მეორე შვილია;

ბ) 200 ლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის მე-3 ან მომდევნო შვილია;

გ) მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს - 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში.

რა შემთხვევაში წყდება ფულადი დახმარების გაცემა?

ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის (შესაბამისი წყაროს მითითებით) წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

  • განცხადებით მიმართვისას - განცხადება;
  • ბენეფიციარის გარდაცვალებისას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;
  • 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვის/ბავშვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტისას - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;
  • თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის (12 თვე) შესრულების თვის მომდევნო თვიდან, ხოლო თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია - 2 წლის (24 თვე) ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით;
  • სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით (ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).

ტერმინთა განმატრება

მაღალმთიანი რეგიონი - მაღალმთიანი დასახლება, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად;

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი - მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ