ბავშვებისათვის

მინდობით აღზრდა

თარიღი: 2019-02-05

რა არის მინდობით აღზრდა ?

მინდობით აღზრდა გულისხმობს, სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას.

ვინ ექვემდებარება მინდობით აღზრდას ?

მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:

  • რომელიც არის ობოლი;
  • რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
  • რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა ( ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.

ვის შეუძლია ბავშვის მინდობით აღზრდა?

ბავშვის მინდობით აღზრდა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ სრულწლოვან პირს.

მინდობით აღმზრდელი ვერ იქნება პირი:

  • რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო;
  • რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
  • რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;
  • რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • მინდობით აღსაზრდელის მშობელი და მეურვე/მზრუნველი, რომელსაც მისი რჩენის ვალდებულება აკისრიათ;
  • რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი;
  • რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
  • რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

გსურთ ბავშვის მინდობით აღზრდა?

ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა უნდა მიმართოს  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავისი  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასების საფუძველზე.

მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციისას, სოციალური მუშაკის შეფასებასთან ერთად, აუცილებელია მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის წარდგენა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია (სარეიტინგო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 100 000).

როგორ ხდება მიმღები ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა?

  • ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - თვეში 200 ლარი;
  • არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 16 ლარი;
  • ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - თვეში 375ლარი;
  • არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 30 ლარი;
  • გადაუდებელი მინდობით აღზრდისათვის (მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის) - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი;
  • ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდაში - ერთი კალენდარული დღისთვის 30 ლარი.

შენიშვნა: მინდობით აღმზრდელის ოჯახში ბიოლოგიური შვილებისა და მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა   არ უნდა  აღემატებოდეს   ოთხს.   გამონაკლისი   დაიშვება   მინდობით   აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას.

10 წლამდე (ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით), 10  წლის ან  10  წელზე მეტი ასაკის ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, გარდა ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებისა.

დაუშვებელია დედმამიშვილების (და-ძმის, დების ან/და-ძმების) დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.

მინდობით  აღსაზრდელს,  რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების  სტუდენტი,  შეუძლია  მინდობით  აღზრდის  მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.

მინდობით აღზრდაში შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის პირი და მისი შვილი.

მინდობით აღმზრდელსა და მინდობით აღსაზრდელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები.

მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას ამოწმებს სოციალური მუშაკი: პირველი თვის განმავლობაში - თვეში არანაკლებ 4-ჯერ, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში - მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ