ბავშვის შვილად აყვანა

თარიღი: 06.02.2019წ.

ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა:

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად,  მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში  უნდა წარადგინოს.

ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი:

ა) პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

ბ) პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება- მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

გ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;

დ) პირი, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა;  

ე) პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა;

ვ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 141-ე, 1422, 1431, 1432, 1441, 1442, 1443, 171-ე, 172-ე, 1721, 253-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვის შვილად აყვანისათვის ?

შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, განაცხადთან ერთად, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ქორწინების მოწმობის ასლი - ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი - განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი - მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას);

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილება. ამასთანავე, მან მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება აღრიცხვიდან;

ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;

ზ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა;

თ) შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი.

 რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით ?

ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:

  • აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება;
  • აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა;
  • მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
  • მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
  • დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
  • მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;
  • საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი დაქვემდებარებულია საერთაშორისო შვილად აყვანას ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ" ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

ვისზე არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ?

შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს;

ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;

გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი;

დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.

 

საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ