მცირე საოჯახო ტიპის სახლი

თარიღი: 05.02.2019წ.

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, მათ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდას ისახავს მიზნად.

რას მოიცავს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება?

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლების 24-საათიანი მომსახურება ითვალისწინებს:

  • მინიმუმ ოთხჯერადი კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
  • ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
  • ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
  • ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);
  • პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
  • აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და ბავშვის თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
  • საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას;
  • პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
  • ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფას. სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
  • ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
  • საქართველოს კურორტებზე, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს: შესაბამის კურორტამდე და უკან ტრანსპორტირებას და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას, მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.

 შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  • ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
  • დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
  • შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

ვის შეუძლია მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურებით სარგებლობა?

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრებ ან ჩასარიცხ 6-იდან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრებ 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) მოსწავლეებს.

 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილება

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ