სავარძელ - ეტლებით უზრუნველყოფა

თარიღი: 07.02.2019წ.

სავარძელ-ეტლების მიმღებ  სამიზნე ჯგუფს  მისი საჭიროების მქონე შშმ პირები განეკუთვნებიან. მათ შორის,  ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში,  6-დან 18 წლის შშმ ბავშვები და უფროსი ასაკის შშმ პირები.

ვის უნდა მიმართოთ სავარძელ-ეტლის ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების მისაღებად?

დამხმარე საშუალების მისაღებად (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელა/მინდობით აღმზრდელმა) განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
  • შშმ პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება სავარძელ-ეტლის საჭიროება;
  • ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება სავარძელ-ეტლის საჭიროება, ხოლო 6-დან 14-წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში - ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროებასთან ერთად, მითითებული უნდა იყოს ელექტრო სავარძელ-ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობის უნარების შეფასების შედეგები;
  • მექანიკური სავარძელ - ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში - დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა - ს საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებელის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის N4 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ამასთან მითითებული იქნება მექანიკური სავარძელ-ეტლის საჭიროება;
  • სასკოლო ასაკის (6-დან 14 წლამდე) შშმ ბავშვის შემთხვევაში - სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დადასტურებული დოკუმენტი ელექტრო სავარძელ-ეტლის დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარდგენილი დადასტურებული აღნიშნული დოკუმენტი შეფასებისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ - 6-იდან 14 წლამდე ასაკის შშმ ბავშვს გადაეცემა მექანიკური სავარძელ-ეტლი;

შენიშვნა: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

თუ განმცხადებელი შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
  • კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მექანიკური სავარძელ-ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმები (სამედიცინო დიაგნოზები):

ა) გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;

ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

ვ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

ზ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.  

სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია, სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის თაობაზე შემოსულ განცხადებებს დადგენილი წესით განიხილავს.  კომისიის გადაწყვეტილება, ბენეფიციარებს ერთი კვირის ვადაში, წერილობით ეცნობებათ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი,  ვაუჩერი და იმ ორგანიზაციების რეკვიზიტები გადაეცემათ,  სადაც  სავარძელ-ეტლის მიღებაა შესაძლებელი.

შენიშვნა: თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში ვაუჩერს არ წარუდგენთ დამხმარე საშუალების გამცემ, თქვენს მიერ არჩეულ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად.

რა თანხას ფარავს სავარძელ-ეტლის ვაუჩერი?

საქონლის (მომსახურების) ღირებულების  ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარს.

 ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
  • სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
  • „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.

დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით.

ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - ელექტრო სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ასევე, ფარავს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე მორგებას;
  • სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
  • გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურებას მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;
  • საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) - მის უფასო შეცვლას, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, დამატებით:

  • ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას და გადაცემას ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე;
  • მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებას;
  • სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას;
  • ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს.

 

შენიშვნა:  პროგრამის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტრო სავარძელ-ეტლი.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ