ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა)

თარიღი: 01.03.2019წ.

საჭიროებს თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას?

მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსეთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).

განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:

  • ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
  • მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება „ოჯახის დეკლარაცია", ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება და სხვა).

რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია:

100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას.

რიგ მუნიციპალიტეტებში (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე),  ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება.

მუნიციპალიტეტების ნაწილში კი (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე), 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე" (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

„ბავშვის კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს" (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი" ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.                                                                                              

 „ბავშვის კვების ბარათით" სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია, სადაც შესაძლებელია „ბავშვის კვების ბარათის" გამოყენება. 

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  • ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული

 სად უნდა მივიღოთ კუთვნილი ფულადი სოციალური დახმარება?

თანხის მისაღებად, მიმართეთ სს "ლიბერთი ბანკს", სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ კუთვნილი ფულადი დახმარება.

ფულადი დახმარების მისაღებად სს "ლიბერთი ბანკში" ანგარიშის გახსნა უფასოა.

ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.

რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?

 ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ოჯახის განცხადება;
  • ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
  • თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას;
  • ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება ისეთ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა მეტია 65 001 და ნაკლებია 100 001.

რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ფულადი საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახის უფლება-მოვალეობანი:

  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე - ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
  • ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
  • სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას;
  • ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
  • მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
  • სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო;
  • ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად" შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge;
  • ოჯახს უფლება აქვს გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა, მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან, ასევე, ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ