პარლამენტის აპარატის ყოფილი მოხელეებისათვის

თარიღი: 06.09.2018წ.

პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • უწყების წარდგინება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8 - წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ.

რა ვადაში ინიშნება კომპენსაცია?

სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.

კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში  ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედია.

რა სახის შეზღუდვები არსებობს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე?

კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით, გარდა ოჯახის წევრის საფუძვლით კომპენსაციის მიმღებისა.

თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ