სოციალური პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის

თარიღი: 18.01.2019წ.

რა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს  ენიშნება სოციალური პაკეტი და რა  ოდენობით? 

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 544 ლარის ოდენობით;
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 444 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს - 344 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 273 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით: უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 244 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 244 ლარის ოდენობით;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 222 ლარის ოდენობით;
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 222 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 207 ლარის ოდენობით;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 200 ლარის ოდენობით.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 464 ლარის ოდენობით;
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 364 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 264 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 223 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 178 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 164 ლარის ოდენობით;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 142 ლარის ოდენობით;
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 142 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 127 ლარის ოდენობით;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 120 ლარის ოდენობით.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 144 ლარის ოდენობით;
  • სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 134 ლარის ოდენობით;
  • ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 100 ლარი.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 244 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 222 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 207 ლარის ოდენობით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს - 200 ლარის ოდენობით.

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად  განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის - მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა), ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები);
  • შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
  • ომის ინვალიდისა და ომის მონაწილის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია - ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო, მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის, დამატებით წარმოსადგენია - გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში);
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო, დამატებით წარმოსადგენია - სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის, დამატებით წარმოსადგენია - გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება (შვილის შემთხვევაში).

როდის ინიშნება  სოციალური პაკეტი?

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

სოციალური პაკეტი ინიშნება:

  • განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
  • სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

როგორ ხდება სოციალური პაკეტის გაცემა?

სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

რა არის სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეჩერება და განახლება:

  • ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში;
  • როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება;
  • როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევებში სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

აღნიშნული საფუძვლით შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან:

  • პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;

აღნიშნული საფუძვლით შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიერ განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან,  ანაზღაურდება მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ;

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას;

აღნიშნული საფუძვლით შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის გასაცემლის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის,  მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან:

- თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ფარგლებში;

- თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არა უმეტეს, 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო). სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა). ამასთან, თუ სოციალური პაკეტის განახლებისას წარმოდგენილია  დოკუმენტი,  რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბენეფიციარს ზემოაღნიშნულ ვადაში მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის  სხვა სტატუსი, სოციალური პაკეტი განახლდება  და მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის ანაზღაურდება:  შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭებამდე არსებული სტატუსის მოქმედების ვადაში - სტატუსის შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭების მომდევნო თვიდან - შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.

  • სხვა საფუძვლით, სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში - სოციალური პაკეტი განახლდება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.

 რა არის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხდება:

  • პირადი განცხადებით;
  • საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა);
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
  • ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
  • სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
  • მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;
  • სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;
  • სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
  • სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

რა სახის შეზღუდვები არსებობს სოციალური პაკეტის მიღებაზე?

დაუშვებელია:

  • ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
  • სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტისა) მიღება;
  • სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის* განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა;
  • როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად;
  • პირის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური პაკეტის დანიშვნა ხორციელდება მხოლოდ ერთ ბენეფიციარზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გარდა მარჩენალდაკარგულისა.
  • საჯარო საქმიანობა წარმოადგენს - სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში , მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა . საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ