მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლა
თარიღი: 04.05.2018წ.
მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის მიზანია ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
რას ითვალისწინებს ბინაზე მოვლის მომსახურება?
- მომსახურება ითვალისიწნებს მუშაობის ინდივიდუალური გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენას, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის /მშობლისათვის მორალური, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას, ასევე, სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას.
- ბავშვის შეფასებას და მომსახურების მიწოდებას ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის - განვითარების სპეციალისტის - და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) - მომსახურებას სულ თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედის:
- ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება,
- ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა,
- ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში,
- ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა,
- ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება,
- ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა,
- ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა,
- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
ვის შეუძლია მომსახურების მიღება?
მომსახურების მიღება შეუძლიათ 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.
მომსახურების მისაღებად ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას (ორგანიზაციების ჩმონათვალი იხილეთ ბმულში). განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი,
- კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი,
- ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი,
- შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა - №IV- 50/2).
სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
შენიშვნა: პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:
- რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები,
- განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით,
- განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები,
- მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები.