სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება

თარიღი: 28.01.2019წ.

რას გულისხმობს სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება?

შრომის ანაზღაურების სუბსიდირება სამუშაოს მაძიებლებისთვის ითვალისწინებს, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით,  ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას 50%-ის ოდენობით, არაუმეტეს თვეში 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარისა, 4 (ოთხი) კალენდარული თვის განმავლობაში.

სუბსიდირების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელი გაუგრძელებს შრომით ხელშეკრულებას ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვის შეუძლია ისარგებლოს სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით?

სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს:

16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს მოწყვლადი ჯგუფებიდან, (დევნილები, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირები); 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ დასაქმების სურვილს.

რა არის საჭირო შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მისაღებად?

სუბსიდირების მისაღებად საჭიროა სამუშაოს მაძიებელი (16-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა, შშმ პირი, სსსმ პირი) დარეგისტრირდეს worknet.gov.ge_ზე და პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

შენიშვნა: საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 665

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ