რეფერალური მომსახურება

თარიღი: 12.10.2018წ.

რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

  • პროგრამის მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში - N331 დადგენილება) შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორ-დადებითი დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული პირებისა.
  • პროგრამის მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტის „ა.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.
  • პროგრამის მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტის „ა.ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.

მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას ითვალისწინებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას; მათ შორის:

  • გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით;
  • პროგრამა „მომავლის ბანაკით" განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;
  • ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (ტრასტუზუმაბი) ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;
  • ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (პირფენიდონი) ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;
  • პროგრამა „საზაფხულო სკოლებით" („დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად") განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;
  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა.
  • ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევას.

ვის უნდა მიმართოთ რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?

რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV100/ა);
  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით.
  • სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა სპეციალურად აღნიშნული საკითხების განსახილველად შექმნილ კომისიას.

განცხადებების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.

კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომსახურება ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 30%-ია, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ