ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

თარიღი: 12.10.2018წ.

რა არის ,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის" სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

პროგრამის მიზანია ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პალიატიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის შემთხვევაში - ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.ოზურგეთის, ქ.გორის, ქ.თელავისა და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა:

  • მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი;
  • ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი;
  • არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში.

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ-პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები:

  • საქართველოს მოქალაქეები, გარდა ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტებისა;
  • საქართველოს მოქალაქე შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები.

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის მოსარგებლეები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

  • ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობას, რომელიც მოიცავს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას პალიატიური მობილური გუნდის მიერ. მომსახურების მოცულობა მოიცავს პაციენტთან თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს. მომსახურება მიეწოდება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
  • ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობას;
  • ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

როგორ ხდება ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის  ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

პროგრამით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება და ანაზღაურების წესი განისაზღვრება შემდეგი პირობების შესაბამისად:

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის სრული (100%-იანი) დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან;

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 75 ლარს.

პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს;

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის. ამ მოსარგებლეებში იგულისხმება:

  • 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები;
  • 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა);
  • სტუდენტები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს;

ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

თანაგადახდას არ ექვემდებარება:

საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  21  თებერვლის  №36  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის; კერძოდ, (დანართი) 

,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებიდან:

  • 0-5 წლის ჩათვლით ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;
  • ასაკით პენსიონერი ვეტერანებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებისათვის;
  • შიდსით დაავადებული პირებისათვის.

პროგრამის მოსარგებლეთათვის  აღნიშნული  მედიკამენტებით  უზრუნველყოფა  ხდება უსასყიდლოდ  (თანაგადახდის  გარეშე).

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას , რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ