აივ ინფექცია / შიდსი
თარიღი: 28.02.2020წ.
აივ-ინფექციის/შიდსის მართვა
რა არის ,,აივ-ინფექცია/შიდსის" სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
- აივ-ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;
- აივ- ინფექცია/შიდსის გავრცელების შეფერხება;
- აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
- პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები;
- პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
- მაღალი რისკის ჯგუფებში (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები, მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ), ადამიანები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით (სექს-მუშაკი) და მათი კლიენტები) 15-ნიშნა დაშიფრული კოდით იდენტიფიცირებული პირები.
მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
რას მოიცავს პროგრამა?
აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას ამბულატორიული მომსახურებით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები). რაც გულისხმობს:
- პირველ და განმეორებით ვიზიტს;
- ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
- ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;
- ექიმის ვიზიტს პაციენტთან;
- C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;
- ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას;
- აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული ანტირეტროვირუსული მკურნალობა (პრეექსპოზიციური და პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა) მაღალი რისკის ჯგუფებში;
- ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადებით მომსახურებას, რომელიც მოიცავს ბინაზე კონსულტაციას, მედიკამენტების მიწოდებას, ლაბორატორიული მონიტორინგისთვის სისხლის აღებას და ტრანსპორტირებას;
- აივ ინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლას, რომელიც ითვალისწინებს შიდსის პროგრესირებული შემთხვევების დროს, პაციენტთან ბინაზე ვიზიტსა და მის ბინაზე მოვლას.
აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას სტაციონარული მკურნალობით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რაც გულისხმობს:
- შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
- აივ-ინფექცია/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.
ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებებს, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას.
როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა აივ-ინფექცია/შიდსის ანაზღაურება?
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505 ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.