ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი თეთრიწყაროში

თარიღი: 2019-10-16

18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.   

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მსხვილი და საშუალო კომპანიებისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ. 

ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს  საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები.

გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

RDFG კი,  ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს  შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ).

ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ.  ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

მისამართი: ქ. თეთრიწყარო,  სამუსიკო სკოლის დარბაზი. დასაწყისი: 11.30 სთ.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ