ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

31 მაისს, ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

თარიღი: 2019-05-28

31 მაისს, ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება  წარმოადგენს.  დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.  

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.  სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და  ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.  

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე  რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.

ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33,  სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი". 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ